Tuesday, June 23, 2020

წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ ღვინისა და კერძის შეხამების დროს

რესტორანში ხართ, გსურთ შეუკვეთოთ გრილზე შემწვარი ხორცი ან ზღვის პროდუქტები, მაგრამ არ იცით რომელ ქართულ ღვინოს შეეხამება ყველაზე კარგად?

საბა ქიტიაშვილი, შუმი, კახეთი

კომპანია "შუმის" მეღვინე, საბა ქიტიაშვილის თქმით, არსებობს სხვადასხვა წესი, რომლითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ღვინისა და კერძის შეხამებისას. მისივე თქმით, ყოველ კერძსა და ღვინოს თავისი გამორჩეული გემო-სურნელები ახასიათებს. მნიშვნელოვანია ამ ორის სწორად შერჩევა, რათა საბოლოო ჯამში დავტკბეთ შეხამების ჰარმონიულობით და აღმოვაჩინოთ კერძსა და ღვინოში ახალი არომატები თუ გემოები.












წითელი მშრალი ღვინო, სურათი - Getty)
1.წითელი მშრალი ღვინო და წითელი ხორცი.(საფერავი,ალექსანდროული, თავკვერი) ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დასამახსოვრებელი წესია თუ გვიყვარს წითელი ღვინო და გვსურს ხორცის გაკეთება/შეკვეთა. მიზეზი თუ რატომ ეხამება ეს ორი ერთმანეთს არის ის, რომ წითელი ღვინის ტანინები არბილებს ხორცში არსებულ პროტეინებსა და ცხიმებს. ხოლო წითელი მშრალი ღვინო ამ შეხამებით უფრო გახსნილი და ელეგანტური ხდება. 








თეთრი მშრალი ღვინო ქისი, ფოტო - reginfo.ge
2. თეთრი მშრალი ღვინო თეთრ ხორცთან ან ზღვის პროდუქტებთან. (ქისი, წინანდალი, რქაწითელი, ხიხვი) აღნიშნული შეხამებით თეთრი ღვინის მჟავიანობა ხორცს გემოებს უხსნის ისევე, როგორც მაგალითად თევზზე დაწურული ლიმონის წვენი.





წითელი ღვინო, ფოტო - Pinterest.com
3. ტკბილი, სადესერტო ღვინოები კარგად ეხამება ტკბილ საჭმელს(ქინძმარაული, ხვანჭკარა, ტვიში, ახაშენი) :  ტკბილი შემაგრებული ღვინო მუსკატი და გარგარის ჩირი ან ჩურჩხელა, ნახევრადტკბილი ქინძმარაული და შავი შოკოლადი ან ყურძენი. შოკოლადი და შოკოლადის დესერტი განსაკუთრებული შემთხვევაა. მსგავს დესერტს ეხამება ტკბილი ან ნახევრადმშრალი და ძლიერი წითელი ღვინოები.    

საჭმლისა და ღვინის შეხამება, ფოტოს ავტორი - , ფოტო - wine cooler
4. არსებობს შემთხვევები, როდესაც თევზს აქვს რაიმე მძიმე სოუსი. ამ შემთხვევაში, უმჯობესია შევუხამოთ სოუსი და ღვინო ერთმანეთს და არა თევზი, რათა სოუსმა არ გადაფაროს ღვინო.




5. მძიმე ღვინო მძიმე საკვებთან - ძლიერ კერძებს ძლიერი არომატის ღვინო უხდება, კერძის შემთხვევაში კი, მძიმეს უწოდებენ მსუყე, ცხიმიან და ნოყიერ კერძებს .

აკრძალვები:

  • ძმრის საკვები, როგორიცაა მაგალითად მწნილი, მაიონეზის შემცველი კერძები საერთოდ არ უხდება ღვინოს, რადგან სრულიად ანადგურებენ ღვინოს.
  • ცხიმიანი, მარილიანი თევზი ღვინოს უსიამოვნო მეტალის გემოს აძლევს. თუ თევზი შებოლილიცა ჯობია ღვინო საერთოდ არ დავლიოთ.
“საბოლოო ჯამში ღვინისა და კერძის შეხამება შესაძლებელია იყოს იმდენად მარტივი ან რთული, რამდენადაც თვითონ ადამიანი მოინდომებს. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ პროცესისგან უნდა მივიღოთ სიამოვნება, ვსვათ და ვჭამოთ ის, რაც ჩვენ მოგვწონს.” -ამბობს საბა. 

რატომ არის ქართული ტრადიციული ღვინო განსაკუთრებული?

საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ. ქვევრის ღვინო გულისხმობს ყურძნის წვენის ჭაჭასთან დადუღებას, დაღვინებასა და შემდგომ დავარგებას. ამ ტექნოლოგიით დაყენებულ ღვინოებს განსაკუთრებული ფერებიც აქვს - თეთრი ღვინო უფრო ოქროსფერია, ხოლო წითელი - ძალიან მუქია, რის გამოც მას ხშირად შავ ღვინოსაც უწოდებენ. ეს არის ღვინო, რომლის გაკეთებაშიც ყოველი ქართველი დებს უდიდეს სიყვარულს.



ფილიპ ლესპი, ჯი-ვი ესი,  ფოტო-მამუკა კიკალაშვილი, კიკალასტუდიო


პატრიკ ონეფი შატო მუხრანში, ქვევრები, მეღვინე, ფოტო გადაღებულია პიტერ მოსერის მიერ
“საქართველოში ყველა აყენებს, ყველამ იცის საკუთარი ბაბუის მიერ დამზადებული ქვევრის ღვინის გემო, ეს სასმელი ყველასთვის კულტურის, ისტორიისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - ეს არის ის ემოციური მდგოამრეობა, რომელშიც ყველა ქართველი იმყოფება. ვფიქრობ, სწორედ ქართველების ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება ხდის მათ ღვინოს ასეთ უნიკალურს.” - ამბობს  მეღვინეობა GWS-ის მეღვინე და დირექტორი ფილიპ ლესპი. 

“იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთი და იტალია, მდიდარი ღვინის კულტურის მქონე ქვეყნები არიან, თუმცა საქართველო სულ სხვა განზომილებაა. რადგან მათი ტექნოლოგია არაფრით არ ჰგავს სხვას - თიხის ჭურჭელი, რომელსაც ქვევრს უწოდებენ, ფლავენ მიწაში, იყენებენ ყურძნის წვენსა და მისივე ჭაჭას (ღერო, კლერტი, წიპწა, კანი) ჯერ დუღილისთვის შემდეგ კი დასავარგებლად. ყველა პროცესი ამ დროს ხდება მიწაში, რადგან ტემპერატურა სტაბილურია(13°-15°). უცხოელისთვის ეს გასაოცარია.

თეთრი ყურძნის შემთხვევაში, ღვინოს ჭაჭაზე გაზაფხულამდე ტოვებენ. ჭაჭაზე დიდი ხნით დაყოვნებული ღვინო იძენს მუქ ჩალისფერ, ოქროსფერ ან ჩაისფერ შეფერილობას, რასაც სხვა ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ.” - ამბობს კომპანია “შატო მუხრანის” მეღვინე და დირექტორი პატრიკ ონეფი. 

“ვფიქრობ, საქართველოსთვის ქართული ტრადიციული ღვინო ერთგვარი ხიდია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავინახოთ უდიდესი კულტურა და ისტორია” - პატრიკ ონეფი. 







Thursday, May 14, 2020

რატომ არის საფერავი უნიკალური ყურძნის ჯიში?

ბიოლოგიური და მორფოლოგიური ნიშნების თვალსაზრისით საფერავი ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშია, რომლის სამშობლოდ საქართველო, კონკრეტულად კი რეგიონი კახეთი ითვლება. არცერთ სხვა ყურძნს ჯიშს არ აქვს იმდენი დამატებითი დასახელება, რამდენიც საფერავს, რაც მისი დიდი ისტორიით არის განპირობებული. მისი ფერი, გემო და არომატული თვისებები დამახასიათებელია მხოლოდ და მხოლოდ საფერავისთვის. მისი უნიკალური მუქი შეფერილობის გამო საქართველოში წითელ ღვინოს შავსაც უწოდებენ. 

საფერვი, წყარო allwine.ge
საფერავი, წყარო allwine.ge

საფერავის ფართოდ გავრცელება სხვადასხვა ქვეყნების მევენახეობებში გამოწვეულია ამ ჯიშის მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით (მოსავლიანობა, ხარისხი, ყინვაგამძლეობა). ქიმიური ანალიზის მაჩვენებლებით საფერავი წმინდა საღვინე ვაზის ჯიშების ჯგუფს მიეკუთვნება. იგი საქართველოს სტანდარტული ვაზის ჯიშია და თავისი მაღალი ორგანოლეპტიკური თვისებებით, შემადგენელი ნაწილების კარგი შერწყმით პირველ ადგილზეა მსოფლიოში საუკეთესო წითელ ღვინოებს შორის.

საფერავითა და მისი თვისებებით დაინტერესდა შიოსაკი, ბოლოვიელი მხატვარი, რომელმაც გასინჯა საფერავი, გაიგო მისი უნიკალურობის შესახებ  და გადაწყვიტა საქართველოშივე დაეწყო ღვინით ხატვა.
შიოსაკი შატო მუხრანში, წყარო - შატო მუხრანი
  


შიოსკის მიერ საფერავით დახატული ივანე მუხრანბატონი, წყარო - შატო მუხრანი
"ვიდრე ღვინოს არ გავსინჯავ, ფურცელზე გადატანა არ გამომდის. ღვინოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ჩემთვის ის შთაგონების წყარო და უდიდესი სიამოვნების განცდაა.  ქართული ღვინო ღვთაებრივია, ისევე როგორც ისტორია და კულტურა. განსაკუთრებით გამოვყოფ საფერავს, რომელიც თურმე გაფერადებას ნიშნავს. ასევე, გავიგე, რომ ის ჰგავს სხვა დანარჩენ წითელ ყურძენს მისი ფერიდან გამომდინარე, იმდენად მუქია. "- ამბობს შიასაკი.



Saturday, May 2, 2020

ყველაფერი ქვევრის - ქართული ტრადიციული ღვინის შესახებ

ბლოგის მიზანია მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს ქართული ტრადიციული ღვინო, უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშები და მარტივად გასაგები ინფორმაციის საშუალებით გახდეს ღვინის ენთუზიასტი. 




1881 წელს გადაღებული ქართველი მეღვინე ტრადიციულ ტანსაცმელში დგას ქვევრთან, რომელიც ღვინის გასაკეთებლადაა საჭირო; ფოტო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება

თქვენ გაიგებთ 8000 წლის ქვევრის ისტორიას და აღმოაჩენთ, რომ თიხის ჭურჭელში, რომელიც მიწაშია ჩაფლული, საინტერესო და გამორჩეული ღვინო ყენდება.


ამ ბლოგში თავმოყრილია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ ღვინის კულტურის განვითარებაში.


ჩვენ ვემსახურებით ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ ღვინო და სურთ ახალი ცოდნის მიღება.

ისწავლე ღვინო.

იმოგზაურე მსოფლიოში და აღმოაჩინე ადგილობრივების კულტურა ღვინის მეშვეობით.